ავსტრიის ელჩი: "ინვესტორებისთვის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია... ინტერესით ვადევნებთ თვალს ანაკლიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს"

19-02-2020 19:06:16 კომენტარი

საქართველოში ავსტრიის ელჩ არად ბენკოს განცხადებით, ავსტრია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

როგორც დიპლომატმა „აქცენტთან“ საუბრისას აღნიშნა, „ინვესტორებისთვის პროგნოზირებადობა და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია“.

მისივე თქმით, „შავ ზღვაზე თანამედროვე პორტის არსებობა ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია“.

„ავსტრიული კომპანიები საქართველოში ლოჯისტიკური ობიექტების განვითარებით მუდმივად არიან დაინტერესებულები, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ანაკლიაში იქნება, ფოთსა თუ თბილისში. ჩვენთვის საქართველო არის მიმზიდველი ცენტრი, რომელიც ერთმანეთთან ევროპულ, შუა აღმოსავლურ და აზიურ ბაზრებს აკავშირებს. ინვესტორებისთვის პროგნოზირებადობა და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. შავ ზღვაზე თანამედროვე პორტის არსებობა ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია. ამიტომ დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ანაკლიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს“, – განაცხადა არად ბენკომ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდება.

სადღეისოდ არსებული მონაცემებით, პორტის, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად განიხილებოდა, მშენებლობის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ვითარებას ის გარემოებაც ართულებს, რომ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გადაინაცვებს და, ექსპერტების მოლოდინის თანახმად, დავის პირობებში არსებულ პროექტში სერიოზული ინვესტორი ინვესტიციას არ განახორციელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები