
HRW: თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა
24/12/2024 06:57:05 საზოგადოება
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.
"პოლიციამ თბილისში უხეშ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში. პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულები, რომლებსაც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ, მიუთითებენ, რომ მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები. პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
Human Rights Watch-ის განცხადებით, სპეცრაზმელები და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებსაც ხელს უშლიდნენ მოვლენების გაშუქებაში.
მისივე ცნობით, ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად.
Human Rights Watch მოითხოვს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.
"დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხიმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო, ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს", – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგად ბრალი ჯერ–ჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.
"საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორდენებით დააჯილდოვებს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებსაც დასავლეთმა რეპრესიებისთვის სანქციები დაუწესა. გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უგულებელყოფას", – აცხადებენ ორგანიზაციაში.