Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

24/12/2024 10:04:39 პოლიტიკა

თბილისის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები ესწრებოდნენ.

მომდევნო წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით 700 მლნ ლარი დაიხარჯება, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი 535 მილიონი.

თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა 50 დეპუტატია, მათგან 2021 წლის არჩევნებით 28 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, 22 კი ოპოზიციურმა პარტიებმა. დღევანდელი მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 27 დეპუტატი ჰყავს, ერთი მათგანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტის დეპუტატი გახდა. ბიუჯეტის პროექტი 27 ხმით დამტკიცდა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატები.

ცნობისთვის: 27–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S