
FT: ტრამპის გუნდმა ევროპელებს აცნობა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება
24/12/2024 10:39:46 მსოფლიო
დონალდ ტრამპის გუნდმა მიმდინარე თვეში ევროპელ პარტნიორებს აცნობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუმცა ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან თავდაცვის ხარჯების გაორმაგებას ითხოვს,- იტყობინება Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მართალია, ტრამპი წინასაარჩევნო პერიოდში უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტის და სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზების დაპირებას გასცემდა, თუმცა, საკითხში გაცნობიერებულ სამი წყარო ამბობს, რომ ტრამპმა პოზიცია შეიცვალა და ინაუგურაციის შემდეგ კვლავ აპირებს კიევის სამხედრო დახმარებას.
ამავდროულად, დონალდ ტრამპი ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნებისგან თავდაცვაზე ხარჯების გაორმაგებას მოითხოვს. წყარო ამბობს, რომ ტრამპის სურვილია, მოკავშირეებმა თავდაცვაზე მშპ-ს 5%-მდე გამოყონ. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის ცნობით, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ თავდაცვის ხარჯების რა ნიშნულზე შეჯერდებიან მხარეები, თუმცა სავარაუდოა, რომ ხარჯები მშპ-ს მინიმუმ 3.5%-მდე გაიზრდება.
წყაროს ცნობით, ამ საკითხზე ევროპელმა ლიდერებმა კონსულტაციები უკვე დაიწყეს. მათ შორის ამ საკითხებზე იყო საუბარი დონალდ ტრამპსა და ოლაფ შოლცს გამართულ სატელეფონო საუბარში. გარდა ამისა, შეხვედრა შედგა ბრიტანელ მაღალჩინოსნებსა და ტრამპის გუნდს შორის.
წყაროები ამბობენ იმასაც, რომ ტრამპი კვლავ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ცეცხლის მაქსიმალურად სწრაფად შეწყვეტას ესწრაფვის, თუმცა მისი აზრით, უკრიანის დახმარების გაგრძელება უზრუნველჰყოფს "მშვიდობას ძალის მეშვეობით."