
კალაძე – MMA-ის მებრძოლ ჩიმაევზე, რომელიც კადიროვის მეგობარია: „პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვმეგობრობთ“
24/12/2024 11:31:19 პოლიტიკა
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მეგობრობს ხამზატ ჩიმაევთან.
ჩიმაევი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მეგობარია, გასულ შაბათ-კვირას თბილისში კალაძესა და „ქართული ოცნების“ წევრ ოლიმპიურ ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს, ასევე, ლაშა ბექაურს შეხვდა.
"ხამზატს რაც შეეხება, ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო წარმატებული სპორტსმენი. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ქვეყანაში, უამრავი ადამიანი, ალბათ, ნახავდით ამის ფოტო-ვიდეო ამსახველ მასალებს, თუ როგორ ხვდებოდნენ. მე მასთან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მიხარია ზოგადად, რომ ასეთი წარმატებული სპორტსმენები სტუმრობენ ჩვენ დედაქალაქს, ჩვენ ქვეყანას", – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს 24 დეკემბერს.
მისი თქმითვე, ჩიმაევის ვიზიტი ტურისტული იყო:
"მიზანი - არაფერი, უბრალოდ ტურისტულად ჩამოვიდა საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ნიჭი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოავლინონ და იყვნენ წარმატებულები".
კითხვაზე, „ნორმალურია თუ არა, კადიროვის მხარდამჭერი, მისი ჯგუფის წევრი რომ ჩამოვის საქართველოში“, კალაძემ უპასუხა:
"ჩვენ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ვმეგობრობთ. მე ადამიანთან არ ვმეგობრობ პოლიტიკური შეხედულებების გამო. მყავს მეგობრები, თუნდაც ქვეყნის შიგნით, ვისაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი მე ვინმესთან ვიმეგობრო, ან არ ვიმეგობრო, პირველ რიგში, ეს არის ადამიანობა და ახლა, ყველას ერთნაირი შეხედულება და მოსაზრება ვერ გვექნება. ვიმეორებ, ხამზატი არის წარმატებული სპორტსმენი და არ ვიცი, თქვენ თუ გადაღებულ ფოტოებზე მეუბნებით, გადაღებული ფოტოები, შედით მის „ინსტაგრამ“ გვერდზე და ნახეთ, ვისთან აქვს ფოტოები გადაღებული კადიროვის გარდა“, - განაცხადა კალაძემ.
MMA-ის ჩეჩნური წარმოშობის მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა 23 დეკემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც ის და კახა კალაძე ჩანან. მოგვიანებით ფოტოები გააზიარა კალაძემაც. ხამზატ ჩიმაევი, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.