
"მემუქრებოდნენ და შეასრულეს - სამივე გაგვათავისუფლეს" - მაღაროელები სამსახურის გარეშე რჩებიან
24/12/2024 11:53:34 საზოგადოება
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თემურ სურამელაშვილის ცნობით, ტყიბულში "საქნახშირიდან" ჯამში 40 ადამიანი გაათავისუფლეს. თუმცა სხვა წყაროებით ვრცელდება ცნობები, რომ ახალი წლის შემდეგ უმუშევრად 100-მდე ადამიანი დარჩება.
მისი ინფორმაციით, მაღაროელებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლებულია ადმინისტრაციაში დასაქმებული პირებიც:
"არიან ისინიც, რომლებიც პროფესიულ სწავლებას არ დასწრებიან, გამოცდაზე არ გასულან, ან გასულები არიან და მინიმალური ქულები აქვთ აღებული. თუმცა, ჩვენი ჩართულობით, ამ ადამიანებს საშუალება ექნებათ, გამოცდას თუ ჩააბარებენ, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილს".
ერთ-ერთი გათავისუფლებული კი - გიორგი აბულაძე, რომელიც 6 წლის წინ შახტაში მომხდარი აფეთქების გამო დაშავდა, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
"ფორმულასთან" მან გაიხსენა, რომ არაერთხელ დაემუქრნენ, რომ "პრობლემები" არა მხოლოდ მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც შეექმდებოდათ.
აბულაძის ცნობით, ის, მისი ძმა და რძალი ახალი წლის შემდეგ სამსახურის გარეშე რჩებიან.
"გამომიგზავნეს პიროვნებები და მემუქრებოდნენ, "თუ შენს თავს არ უფრთხილდები ძმას და რძალს გაუფრთხილდიო", რომლებიც ამავე კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. შეასრულეს სამივეზე - სამივე გაგვათავისუფლეს. ეს ჩემს ოჯახზე განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიებია", - განაცხადა აბულაძემ.
ისინი სამართლებრივ დავას აპირებენ.
საქნახშირის ადმინისტრაციას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.