24-12-2024 19:15:42 საზოგადოება
27 იანვარს გაიმართება საპოლიციო ძალების მიერ პროევროპულ აქციებზე სასტიკად ნაცემი 21 წლის ბილალ დუიშვილის პროცესი.
მან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა. აღენიშნებოდა ცხვირის მოტეხილობა, სახის დაზიანება, მრავლობითი დაჟეჟილობები.
როგორც მისი უფლებების დამცველი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ ყველაშვილი უამბობს „აქცენტს“, მსგავსად არაერთი დემონსტრანტისა, ახალგაზრდა კაცზე ძალადობა რამდენიმე ეპიზოდად განხორციელდა 4 დეკემბერს: დაკავებისას, დაკავების შემდეგ - საპოლიციო ძალების „კორდონში" და ასევე საპოლიციო ძალების „მინივენში“, რომელსაც დემონსტრანტები და უფლებადამცველები მოიხსენიებენ „წამების მანქანად“.
„დაახლოებით 04:00 საათისკენ, სასტუმრო „ბილტმორთან” სპეცრაზმელებმა ალყაში მოაქციეს აქციის მონაწილეები. სპეცრაზმი დაედევნა აქციის მონაწილეებს და ერთ-ერთი იყო ბილალი. მოკლე ვიდეო გვაქვს, სადაც ჩანს, როგორ აგდებენ დაბლა და მიათრევენ ბილალს. როგორც თავად ყვება, ასფალტზე თრევით გაიყვანეს, იქვე ურტყამდნენ - კორდონის გავლით გაატარეს და შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ფურგონში. იქაც პერიოდულად იყო ფიზიკური ძალადობა, თავში ურტყამდნენ ფეხებს... აგინებდნენ...პერიოდულად ამოდიოდნენ სპეცრაზმელები და რიგრიგობით ცემდნენ ფურგონში მყოფ ადამიანებსო. მოპარეს ტელეფონი, საფულე და გასაღები, შემდეგ გასაღები უკან გადაუგდეს, „არ გვინდაო“ , ხოლო ტელეფონი და საფულე წაიღეს",- გვიამბობს იურისტი (პირადი ნივთები ამ დრომდე არავის დაუბრუნებია მისთვის და ესეც ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა, რომელზეც არაერთი დაკავებული დემონსტრანტი საუბრობს).
იურისტის თქმით, ცემის შედეგად ბილალს ზუსტად არ ახსოვს, რა დრო გაატარა მანქანაში და შემდეგ რომელ სამმართველოში გადაიყვანეს:
„სამმართველოში შესვლისას თავად ითხოვა საპირფარეშოში შეყვანა, რომ სისხლი ჩამოებანა და ამის შესაძლებლობა მისცეს. რომ ნახეს, რამდენად იყო ნაცემი (ცუდად იყო - თვალები სისხლჩაქცევებით ჰქონდა სავსე, ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა), ოქმი იქვე შეუდგინეს და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. “
მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები გამოითხოვეს, თუმცა არ მიუწოდებიათ.
მარიამ ყველაშვილის თქმით, ბილალ დუიშვილმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.