
კალაძე 2025 წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას აანონსებს
24/12/2024 15:25:43 პოლიტიკა
თბილისის მერია 2025 წელს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს გაუნცადა.
"რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კითხვა იყო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, იგეგმება ამ გამზირის რეაბილიტაცია და განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვა გარდამავალი პროექტები და რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას”, - განაცხადა კალაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ "პირველი რაც გაკეთდება არის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით".
“შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია, ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პირველი ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, თავისი გამწვანებული თარგებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებით”, - განაცხადა კალაძემ.
კალაძეს სამუშაოების დაწყების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. იმჟამად მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა.
ცნობისთვის: 27–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.