პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა: "მოსაზრებების ძირითადი ნაწილი მზად არის"

24-12-2024 19:59:47 პოლიტიკა

პრეზიდენტთან ოპოზიციის და მესამე სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა, როგორც შეხვედრის შემდეგ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, “მიმდინარეობს მუშაობა იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს".

„მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე ბევრ სიახლეს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ პრინციპული საკითხები იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ქვეყანა 29 დეკემბრამდე, თუკი ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და მოლაპარაკეებზე მოვა, ჩვენ მზად უნდა გვქონდეს ხედვები, რომელიც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. ამ მოსაზრებების ძირითადი ნაწილი მზად არის, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები არის მცირე საკითხებში. თუმცა არავის გვაქვს მოლოდინი, რომ გონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ 29 დეკემბრის მერეც გვქონდეს ნაბიჯები, რათა მზად ვიყოთ გაღრმავებული კრიზისისთვის, რომელიც მოსალოდნელია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, "მათთვის ჩარჩო ერთია – ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ახალი არჩევნები“.

„შიდა და გარე ზეწოლით, პოლიტიკური პროცესებით ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები და ეს არჩევნები უნდა იყოს გარანტირებულად უკეთესი, არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები. ამის წინაპირობა არის არა მხოლოდ იმ ხალხის გათავისუფლება, რომლებსაც პატიმრობის ვადა ისედაც გასდით, არამედ სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები უნდა გამოვიდნენ და შეწყდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, "ისინი უნდა იყვნენ მზად იმისათვის, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული".

„მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "მსჯელობენ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები".

ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან დიალოგთან დაკავშირებით.

მათი თქმით, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

"ხვალ, 7 საათზე, ისევ შევიკრიბებით ორბელიანების სასახლეში... პრეზიდენტთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას 29-მდეც და 29-ის შემდეგაც", -განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, რევანდელ შევედრაზე ორი მტავარი საკიტხი განიხილეს:

"პირველი დოკუმენტურად გავიარეთ, რა არის გასასწორებელი იმისთვის, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდეს ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური მდგენელი. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი პრეზიდენტთან, როგორ უნდა დაორგანიზდეს და როგორ უნდა დავორგანიზდეთ იმისთვის, რომ 29-ის შემდგომ ეფექტურად გავაგრძელოთ ბრძოლა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები