კახა კალაძე ორბელიანების მოედანზე მივიდა

24-12-2024 20:46:54 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ორბელიანების მოედანზე მივიდა.

მან "საახალწლო სოფელი" მოინახულა და ფოტო-ვიდეო გადაიღო.

მოგვიანებით, თბილისის მერიამ გაავრცელა კალაძის კომენტარი, სადაც იგი ირწმუნება, რომ "საახალწლო სოფელში" უამრავი ადამიანია შეკრებილი".

"ტვ პირველის" ჟურნალისტის განცხადებით, ღონისძიებაზე მოსულებს შორის "ტიტუშკა" ამოიცნო. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, რომელიც სასტუმროს სახურავიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის დროს ლაზერს ანათებდა.

"კახა კალაძემ იმიტირებული ზეიმის მოწყობა სცადა და გადაწყვიტა, მოებილიზებინა ტიტუშკები, საჯარო მოხელეები, სამართალდამცველები. როგორც კი ჩვენ მათი იდენტიფიცირება შევძელით, მათ სცადეს, ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ, სცადეს მიკროფონის წართმევა", - ამბობს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, "ამას უყურებდნენ სამართალდამცველები, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ".

ცნობისთვის: 27–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები