„თბილსერვის ჯგუფი” რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების დროებით გათიშვას "გამზირის მიმდებარედ ხანძრით" ხსნის

24-12-2024 22:37:24 საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფი” რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებების დროებით გათიშვას "გამზირის მიმდებარედ ხანძრით" ხსნის.

"რუსთაველის გამზირის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის გამო სს „თელასმა“ უსაფრთხოების მიზნით რამდენი წუთის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც დროებით გაითიშა გამზირზე არსებული საახალწლო ილუმინაციები. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩართულია”, - აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში”.

კონკრეტულად სად იყო ხანძარი განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

მანამდე, რუსთაველის გამზირზე, სადაც პროტესტი 27–ე დღეა, გრძელდება, საახალწლო განათებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გათიშული იყო.

ცნობისთვის: 27–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები