
კალაძე: თბილისში პიკის საათებში დისტრიბუციის მანქანებს მოძრაობა შეეზღუდებათ
25/12/2024 11:10:21 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პიკის საათებში დისტრიბუციის მანქანებს მოძრაობა შეეზღუდებათ.
„წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის განხორციელება, რომელიც ემსახურება დედაქალაქში მოძრაობის გარკვეულწილად განტვირთვას, რაც გამომდინარეობდა არაგაბარიტული მანქანების მოძრაობით პიკის საათებში.
08:00სთ-დან 11:00 საათამდე და 17:00სთ-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მათი გადაადგილება შევზღუდეთ. ეს ეხებოდა N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს [ არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს] , ანუ იზღუდებოდა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სამნახევარ ტონაზე მეტი სრული მასის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. გვქონდა გარკვეული გამონაკლისები დაშვებული.რეგულაციის მიღების დროს ბიზნესსექტორთან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა და გამონაკლისად დავადგინეთ დისტრიბუციის მანქანები და მათ რვათვიანი შეღავათი მივეცით, რომ ამ ცვლილებასთან ადაპტირება მოეხდინათ. ამის შემდეგ მათ შეღავათი კიდევ ოთხი თვე გავუხანგრძლივეთ, პირველი იანვრიდან კი ეს შეზღუდვა მათაც შეეხებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.