25-12-2024 16:10:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება, – იუწყება "რადიო თავისუფლება" პარლამენტის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია, პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციების გაცემა.
ასევე, არ არის ცნობილი, მოიწვია თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ცნობისთვის: 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.