25-12-2024 18:22:40 საზოგადოება
„სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“ , - ამის შესახებ „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი.
ცნობისთვის: ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ საახალწლო კონცერტებს მოქალაქეების ნაწილი პროტესტით ხვდება. მათ ღონისძიებებზე მიაქვთ აქციებზე ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები.
27–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.