
IPM Market Intelligence Caucasus -ის კვლევა: რესპონდენტთა 46% სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს პრეზიდენტად, 22 % - ყაველაშვილს
26/12/2024 11:17:04 პოლიტიკა
IPM Market Intelligence Caucasus -ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობა - 46% სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს ქვეყნის პრეზიდენტად, 22% - ყაველაშვილს, 16% - არც ერთს, ხოლო 16%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევის ამ შედეგებს დღეს "მთავარი არხი" აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა 32% ერთხელ მაინც არის ნამყოფი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ამასთან, მათთვის ყველაზე ცნობადი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების მარშებია (49 %).
გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მსვლელობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესებში.
აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა უმრავლესობა - 72% უჭერს მხარს.
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24-25 დეკემბრის პერიოდში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს.
ცნობისთვის: პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი, უმაღლესი განათლების არმქონე ყოფილი ფეხბურთელი და დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად სადავო ლეგიტიმაციის მქონე "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. მმართველი გუნდის მსგავსად, ისიც სადავო ლეგიტიმაციის პრეზიდენტია და მიუხედავად პროტესტისა, ასევე ფართო საერთაშორისო საზოგადობის მიერ არაღიარებისა, "ოცნება" 29 დეკემბერს ყაველაშვილის ინაუგურაციას გეგმავს.