
მედია: პოლიციის ავტომობილი და სასწრაფო ერთმანეთს შეეჯახნენ, პაციენტი, რომელიც სასწრაფოს გადაჰყავდა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
26/12/2024 11:43:45 საზოგადოება
გორში, მშვიდობის გამზირზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები შეეჯახნენ, – იუწყება "ინტერპრესნიუსი".
მისივე ცნობით, "შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა. მომხდარის გამო სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა".
"გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც, მოხდა სასწრაფოს გამოძახება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", – იტყობინება "ინტერპრესნიუსი".