Accentnews.ge
პროფკავშირების შენობასთან დაპირისპირება იყო: "გაილახა რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, გოგონებსაც დაარტყეს, გვაგინეს და გვლანძღეს"

პროფკავშირების შენობასთან დაპირისპირება იყო: "გაილახა რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, გოგონებსაც დაარტყეს, გვაგინეს და გვლანძღეს"

26/12/2024 11:58:36 საზოგადოება

გაერთიანებული პროფკავშირების შენობასთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რომელიც გამგეობის სხდომაზე Labor-ის [აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი] წევრების არშეშვებას მოჰყვა.

გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში დღეს "ევოლუშენ საქართველოს" გაფიცულების საკითხზე მსჯელობენ.

"შეხვედრაზე Labor-ის წარმომადგენელთა გარდა, თითქმის ყველას უშვებდნენ. მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება, რატომ არ შეუშვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე. მათი მხრიდან [გაერთიანებული პროფკავშირების] მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა - თავი შევიმაგრეთ. მათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. გაილახა რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, მეორეს ლოყა დაუზიანეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს და გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლებამოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს",- ამბობს Labor-ის წარმომადგენელი.

"ტვ პირველის" ცნობით, ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ Labor-ის თავმჯდომარეს გიორგი დიასამიძეს თავად არ მოუთხოვია იურისტის დასწრება სხდომაზე და შესაბამისად, მათ არ დაუყენებიათ დღის წესრიგში გამგეობის სხდომაზე იურისტის დასწრების საკითხი.

რაც შეეხება Labor-თან დაკავშირებულ საკითხს, რომელიც 26 დეკემბერს გამგეობის სხდომაზე განიხილება, რაისა ლიპარტელიანის თქმით, "ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ, "ევოლუშენ საქართველოს" გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა გაერთიანებულ პროფკავშირს მიმართა".

რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ "გაფიცულებს კითხვის ნიშნები და პრეტენზიები აქვს Labor-თან – პროფკავშირთან, რომელიც მათ ინტერესებს სათანადოდ არ იცავს".

"პირადად დამიკავშირდნენ, როგორც იურისტს. ჩემთან მოვიდნენ და განაცხადეს, რომ აქვთ უკმაყოფილება "ლაბორთან", მის ხელმძღვანელთან. ეს ჩვენი წევრი ორგანიზაციაა და შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით.

საუბარია იმაზე, რომ გაფიცვის პირველივე დღიდანვე, მათ შორის, პიკეტირებები იქნებოდა ეს თუ სხვადასხვა ღონისძიება, არ იყო კოორდინირებული, არ თანხმდებოდა წევრებთან და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდა ერთპიროვნულად ან მხოლოდ მის მოადგილეებთან ერთად.

ეს სიტუაცია გამწვავდა. დღეის მდგომარეობით, კომპანია ამ ადამიანებს ედავება უკანონო გაფიცვას, ზარალის ანაზღაურებაზე. ამასთანავე ისინი ამბობდნენ, რომ ორგანიზაციის ფინანსები გამოიყენებოდა არამიზნობრივად, არა გაფიცულთა მხარდასაჭერად არამედ პირადი მიზნებისთვის.

სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ საკითხის გამგეობის სხდომაზე განხილვა. სხდომას ესწრებიან თავად გაფიცულებიც. რატომ მოხდა გარეთ დაპირისპირება და რა საჭირო იყო ამ აჟიოტაჟის ატეხვა, არ ვიცი. მით უმეტეს, გიორგი დიასამიძეს არ მოუთხოვია იურისტის დასწრება", - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

გაერთიანებული პროფკავშირების შენობაში მიმდინარე გამგეობის სხდომას "ევოლუშენ საქართველოს" 20-მდე გაფიცული თანამშრომელი ესწრება. მათ შორისაა გვანცა სუბელიანი, რომელსაც "ლაბორისა" და მისი ხელმძღვანელის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს:

"ჩვენ ვედავებით "ლაბორს" ჩვენთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც სავალალო შედეგები მოგვიტანა. მათ შორის, ის, რომ ჩვენ გვაქვს ახლა სამართლებრივი დავა "ევოლუშენთან", რომელიც გვთხოვს ფინანსურ კომპენსაციას. "ლაბორი" ამ პროცესებს მართავდა არასწორად".

გვანცა სუბელიანი ამბობს, რომ "ლაბორის" მიმართ პრეტენზიას დაახლოებით 35-მდე გაფიცული თანამშრომელი გამოთქვამს.

უკვე ექვსი თვეა, რაც კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია. ისინი ითხოვენ ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას.

საქართველოში "ევოლუშენი" 2018 წელს გამოჩნდა. შვედურ კომპანია „ევოლუშენ საქართველოში“ ამჟამად 7000-მდე ადამიანია დასაქმებული. სამუშაო ძალა ძირითადად ახალგაზრდებია. კომპანია ონლაინ კაზინოებს ემსახურება. „ევოლუშენ საქართველო" ხუთ შენობაშია განთავსებული, ერთ ცვლაში კი 1000-მდე თანამშრომელი მუშაობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S