
გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას შენობა არ აძლევს
26/12/2024 12:18:22 პოლიტიკა
პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს და სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.
გახარია აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ კონკრეტული თარიღის დროულად გამოცხადებას მოითხოვს.
„პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მითუმეტეს შენობა. ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.
- უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი!
- დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“, - წერს გახარია.
ცნობისთვის: ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტში 29 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება.
„29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით, 40 წუთი იქნება", – განაცხადა მან.
ცერემონიაზე უცხოელი ელჩები მიწვეულები არ არიან.
"ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები", – განაცხადა პაპუაშვილმა.
"რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენთვის პირველი და ისტორიული მომენტი, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკების ტრადიციაა, ინაუგურაციის პროცესი პარლამენტის შენობაში იმართება. ჩვენ სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის საინუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული, ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
22 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შეიძლება ციხეში მოხვდეს, თუკი იგი პრეზიდენტის რეზიდენციაში „გამაგრდა“ და „სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინა:
- „72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.
23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ იქნება "პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით". პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ "დასაცავი არ იქნება" და რომ არც ეშინია.
25 დეკემბერს, საღამოს საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.
- 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.