
გურიელიძე: საჩუქრად გადმოგვცა, საიდან, როგორ იყო, ამასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს
26/12/2024 12:44:05 საზოგადოება
თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, ლომის ბოკვერი ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა მათ საჩუქრად გადასცა.
გურიელიძე ამბობს, რომ ამ დროს ადგილზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
"დღეს დილით მოიყვანა და საჩუქრად გადმოგვცა ... შეწუხებული იყო. როგორც ჩანს, არ ელოდებოდა, რომ რაღაც საშინელებას სჩადიოდა. საიდან, როგორ იყო, ამასთან დაკავშირებით, არაფერი უთქვამს. გარემოს დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია და მისი წარმომადგენელი ამ ყველაფერს ესწრებოდა. თუ სახელმწიფო ორგანიზაცია ჩართული არაა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ კერძო პირისგან ვერ მივიღებთ ... ჩვენი ცხოველთა სამყაროს კანონის მიხედვითაც, ასეთი ცხოველის ყოლა მაინცდამაინც დაშვებული არ არის". - თქვა გურიელიძემ "ტვ პირველთან".
კითხვები, კანონიერად ფლობდა თუ არა სპორტსმენი ლომის ბოკვერს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო - ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით გადაადგილდება და თან, გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება. საკითხი ამ დრომდე ბუნდოვანია.საქმე იმაშია, რომ ეგზოტიკური ცხოველების შინაურ პირობებში ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამ ცხოველს თან მთელი რიგი საბუთები არ ახლავს.