
პრეზიდენტი: შეიქმნა იურისტების და ადვოკატების ჯგუფი, რათა დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ
26/12/2024 15:26:57 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტების ჯგუფი წარადგინა და აღნიშნა, რომ აქციებზე დაკავებულ და რეპრესირებულ ადამიანებს ჯგუფში გაერთიანებული ადვოკატები და იურისტები უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
"ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა სჭირდებათ, შეიქმნა ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი. ისინი იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ პირველ ეტაპზე სამართლებრივი რჩევები, რისთვისაც "ცხელი ხაზიც" იქნება და მათ გაუწიონ ის დახმარება, რაც ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ეს არის ის, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენს თვალწინ სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული და თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებს ვერც ერთი რეჟიმი, ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიებით ეს არის ის, რაც ყველაფერზე გაიმარჯვებს ყოველთვის.
მე მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან დიდი მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღე ციხეში არიან, ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულები, უფრო მეტად გვინდა, რომ სიის გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ რეჟიმს სხვა გზა არ ექნება ძალიან მალე. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“,- განაცხადა მან ორბელიანების სასახლეში იურისტების გუნდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.