პრეზიდენტი: მე დარწმუნებული ვარ, დაკავებულები ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ რეჟიმს სხვა გზა არ ექნება ძალიან მალე

26-12-2024 19:46:39 პოლიტიკა

"ჩვენ მოქალაქეებს ყოველდღიური და ყოველწუთიერი დაცვა სჭირდებათ, შეიქმნა ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი. ისინი იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები, მისცენ მათ პირველ ეტაპზე სამართლებრივი რჩევები, რისთვისაც "ცხელი ხაზიც" იქნება და მათ გაუწიონ ის დახმარება, რაც ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის ძალიან სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება. ეს არის ის, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენს თვალწინ სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით იქმნება ნამდვილი ქართული და თავისუფალი საზოგადოება. მე ამას არა მხოლოდ მივესალმები, ეს არის ჩვენი იმედის წყარო, რადგან ჩამოყალიბებულ საზოგადოებს ვერც ერთი რეჟიმი, ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს. ჩამოყალიბებული საზოგადოება შემართებული ადამიებით ეს არის ის, რაც ყველაფერზე გაიმარჯვებს ყოველთვის. მე მინდა, ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ ეს ჩვენგან დიდი მადლიერებას იწვევს, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღე ციხეში არიან, ან ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულები, უფრო მეტად გვინდა, რომ სიის გამოვიდნენ ციხიდან, რაც შეიძლება სწრაფად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან ამ რეჟიმს სხვა გზა არ ექნება ძალიან მალე. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტების გუნდთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის: 29–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები