Accentnews.ge
თბილისში "ზურაბ ჟვანიას მარში" იმართება

თბილისში "ზურაბ ჟვანიას მარში" იმართება

26/12/2024 16:25:57 საზოგადოება

თბილისში "ზურაბ ჟვანიას მარში" იმართება.

"მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი", - ამ შინაარსის ბანერი აქვთ მოქალაქეებს ადგილზე გაშლილი.

"მძიმე სიტუაციაა. სულ იმაზე ვფიქრობ, ზურა როგორ მოიქცეოდა, როგორ შეეცდებოდა, რომ ყველა მხარესთან საერთო ენა გამოენახა. იყო პოლიტიკოსი, რომელიც გზების ძიებაში იყო და ადამიანური კავშირი ჰქონდა, რომელიც შემდეგ აძლევდა საშუალებას, რომ საერთო მიზანი და ინტერესი გამოეკვეთა", - ამბობს ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია.

პარალელურად, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა მსვლელობა იმართება. ყველა მსვლელობის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსთაველის გამზირია.

თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია.

29–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S