NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის  მიზეზების დასადგენად "სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების“ მოწოდებით გამოდის

26-12-2024 23:17:41 მსოფლიო

NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად "სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების“ მოწოდებით გამოდის.

"ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ "აზერბაიჯანის ავიახაზების" - J28243 რეისის ოჯახებსა და მსხვერპლებზე. კატასტროფის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სრული გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ", - წერს ალიანსის პრეს–სპიკერი ფარა დაჰლალა სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.

Euronews–ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა გამოცემას ექსკლუზიურად დაუდასტურა, რომ წინასწარი გამოძიებით, 25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული საჰაერო რაკეტა გახდა.

წყაროების თანახმად, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა.

სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს და მას კასპიის ზღვაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საგენტოების თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ, სადაც უამინდობის გამო დაშვება ისევ ვერ მოხერხდა და თვითმფრინავმა გეზი ყაზახეთისკენ აიღო.

სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ნაწილებად დაიშალა, 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრეს–სამსახურის ცნობით, ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ავიაკატასტროფის გამო სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და რუსეთიდან ბაქოში დაბრუნდა, 25 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობს არაერთი ვერსია და კატასტროფის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მას გამოძიება დაადგენს.

26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები