Accentnews.ge
კობახიძე: "ჩვენი ამოცანა იყო, ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი აგვეცილებინა"

კობახიძე: "ჩვენი ამოცანა იყო, ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი აგვეცილებინა"

26/12/2024 20:20:52 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დაშლის დროს ხელისუფლების ამოცანა იყო, თავიდან აეცილებინა ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი და მსხვერპლი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ეს ამოცანა შესრულებულია", - ირწმუნება კობახიძე და მადლობას უხდის პოლიციას.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და პირველ რიგში, ეს იყო მსხვერპლის თავიდან აცილება... ეს არის შსს-ს დამსახურება, თითოეული პოლიციელის ხელმძღვანელობის დამსახურება. მეორე იყო, თუნდაც ისეთი შედეგის თავიდან აცილება, რაც ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობას დაატყობდა კვალს. გახსოვთ, როგორ დასრულდა საქართველოში 2011 წლის შეკრების დარბევა - 4 კაცი მოკლეს მშვიდობიან შეკრებაზე. ასევე, მინდა, შეგახსენოთ ["ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი პრემიერის] გიორგი გახარიას "გმირობა" 2019 წელს, როდესაც 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ აქციის დარბევის დროს "იყო ცალკეული გადაცდომები, მათ შორის, მძიმე ინციდენტები, რაც ძალიან უსიამოვნო იყო".

ცნობისთვის: 29–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S