
აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი - ივანიშვილზე: "არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურას!"
26/12/2024 21:27:11 პოლიტიკა
"პირველ ადგილზე ამერიკა უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურას" - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი (Republican Study Committee - კონგრესში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კოკუსი) და იქვე აზიარებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
ცნობისთვის: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა 26 დეკემბერს სოციალურ ქსელში ერთბაშად რამდენიმე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს არფორმალურ მმართველ ივანიშვილს იხსენიებს "აშშ-ის მტრად", "კორუმპირებულად", წერს რომ მას საქართველო დიქტატურისკენ მიჰყავს და რომ აუცილებელია, დასანქცირდეს.
"კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მტერი, ცდილობს საქართველოს დემოკრატია დიქტატურად აქციოს. თუ ეს მოხდება, უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე და შევწყვიტოთ საქართველოს ფინანსური დახმარება", - წერს უილსონი.
ცოტა ხნით ადრე მან ასევე დაწერა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია":
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.