Accentnews.ge
ისრაელში საჰაერო განგაში იყო

ისრაელში საჰაერო განგაში იყო

27/12/2024 06:24:20 მსოფლიო

იემენიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის ცენტრალურ ნაწილში 27 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ისრაელის მედია თავდაცვის არმიის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის მიღმა მოიგერიეს, განგაშის გამოცხადება კი აუცილებელი იყო მოგერიებული რაკეტის ნამსხვრევებისგან თავის დასაცავად.

სარაკეტო შეტევის გამო დროებით დაკეტილი იყო თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტი. გამოცემა The Times of Israel სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მსუბუქად დაშავდა 18 ადამიანი, რომლებიც თავშესაფრებისკენ გარბოდნენ.

26 დეკემბერს ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა იემენში დაბომბეს მეამბოხე ჰუთების კონტროლქვეშ მყოფი ობიექტები, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ სანის აეროპორტი.

ისრაელის არმიის სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე იყო ჰუთების „ტერორისტული რეჟიმის“ სამხედრო ობიექტები იემენის დასავლეთ ნაპირზე და ქვეყნის სიღრმეში. სარდლობის თანახმად, სანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დაარტყეს ჰუთების სამხედრო ინფრასტრუქტურას. დაიბომბა ორი ელექტროსადგურიც.

ისრაელის ავიადარტყმის დროს სანის აეროპორტში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი. მისი ინფორმაციით, დელეგაციის თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი დაიჭრა.

ჰუთების ტელეარხის თანახმად, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, სანამ ისრაელი ომს არ შეწყვეტს. ჰუთების წინააღმდეგ მოქმედებს რამდენიმე ქვეყნის, მაშ შორის აშშ-ის სამხედრო ძალების კოალიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S