Accentnews.ge
კობახიძე – უილსონის კრიტიკულ განცხადებებზე: არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას

კობახიძე – უილსონის კრიტიკულ განცხადებებზე: არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას

27/12/2024 07:22:34 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და ამბობს: „არ მიაქცევდა ყურადღებას“.

„ხშირად ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნებია ხოლმე. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში, მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. რაც მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი. უპირველესად, საზოგადოებამ ისწავლა რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ 5 რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როდესაც ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ საუბრობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ამიტომ, ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან. ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი. ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. მიზანი ესაა - იმიტომ გაააქტიურეს რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი. ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობის, რომელიც დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები. ეს შედის ორივე ქვეყნის - როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“,- განაცხადა კობახიძემ.

26 დეკემბერს კონგრესმენმა ჯო უილსონმა ზედიზედ, სამი კრიტიკული "პოსტი" გამოაქვეყნა.

  1. „რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“

მან ამ "პოსტს" თან დაურთო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოები.

მანამდე ასევე დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, რის პასუხადაც აშშ-მა ყველანაირი დახმარება უნდა შეაჩეროს.

2. „კორუმპირებული, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ, პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.

კიდევ უფრო ადრე, თავდაპირველ პოსტში კი უილსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია:

3. „პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

ცნობისთვის: "ქართული ოცნება" აშშ–სთან ურთიერთობების შეცვლისა და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების კუთხით იმედებს ტრამპის გამარჯვებაზე ამყარებდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 22 ივლისს.

5 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მორიგი სანქციების შესახებ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით“:

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით"

"20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი",– განაცხადა კობახიძემ 9 დეკემბერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S