
ქურდოვანიძე: ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ტერორის ერთ-ერთი ფორმაა
27/12/2024 08:05:24 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება ტერორის ერთ-ერთი ფორმაა. მანამდე არაერთმა საჯარო მოხელემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი. იმავდროულად "ქართულმა ოცნებამ" მთელი რიგი ცვლილებები მიიღო კანონში, რაც მოწყვლადს ხდის საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანის მდგომარეობას. მსგავსი გადაწყვეტილებების მოლოდინს ასევე ქმნიდან "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებიც კრიტიკულად განწყობილი მოხელეების მიმართ.
„ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში არის საუბარი - როდესაც არა მარტო კანონმდებლობა გაუარესდა, არამედ, ეს მუქარები, საჯაროდ გაცხადებული პოზიციები, მათ შორის, კალაძის, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ მოხდება საჯარო სამსახურის წმენდა, მიანიშნებდა იმას, რომ რეპრესიები დაიწყებოდა საჯარო სამსახურებში და დაიწყო კიდეც. ამის გამოვლინება იყო პირველი ის, რომ საკანონმდებლო ბაზა ამისთვის მომზადდა. იგულისხმება რეორგანიზაციის გამარტივება. ასევე, იგულისხმება ის, რომ შუალედური რგოლის მოხელეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად და მათზე ვრცელდება სხვა რეგულაციები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების პრაქტიკა. ჯერ არ არის ეს ცვლილებები ამოქმედებული, თუმცა სამომავლოდ, როცა ამოქმედდება, ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ, ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ და შეეცადოს, რომ იქ ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული და განსხვავებული აზრი. ეს არის ამისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაშიც უკვე აისახა არა ამ კანონის ამოქმედებით, არამედ, არსებული კანონების გამოყენებით, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებით“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.