
საია: 28 ნოემბრიდან პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია
27/12/2024 08:17:16 პოლიტიკა, საზოგადოება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.
საიას შეფასებით, სახელმწიფო ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტს, რომელიც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებით, სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს. ამასთან, იურისტების შეფასებით, ამ პერიოდში ასევე, დაფიქსირდა აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება.
"2024 წლის აპრილიდან სახელმწიფო მუდმივად იყენებდა პოლიციის ძალადობას, დაშინებას და სხვა პრაქტიკებს, რაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალს. თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია: 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები:
- წამება;
- არაადამიანური;
- დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ;
- ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.
- აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;
- არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;
- მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა.
- უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (თვითნებური დაკავება შეეხო 500-მდე პირს), მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა საჯარო ადგილებში, ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;
- სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 40-მდე პირი);
- მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ - გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.
- კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, კერძოდ, შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; პოლიციის შესახებ კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი",- აღნიშნავს საია და ხაზს უსვამს, რომ გამოწვევად რჩება, როგორც მიმდინარე აქციებზე, ისე, 2024 წლის აპრილი-მაისის და 2023 წლის მარტის აქციებზე ძალადობის გამოძიების არაეფექტიანობა“.