
400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდების პროცესი კვლავ გადაიდო
27/12/2024 10:34:15 საზოგადოება
პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი დავით გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ რეალური მიზანია, მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალება ვერ მოასწროს.
„დილით, 10:00 საათზე დამიკავშირდა მოსამართლე ნათია გუდაძის თანაშემწე, რომელსაც წინა დღეს ვთხოვეთ, რომ პროცესი არავითარ შემთხვევაში არ გადადებულიყო. დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა პროკურორს, დაცვის მხარეს და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გასულიყო. მათი არაოფიციალური პასუხით, პროკურორი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს და დღევანდელ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, რომ ამ ბავშვების შეწყალება ამ პრეზიდენტის მიერ არ მომხდარიყო. ჩვენ განცხადების შეტანას ვაპირებდით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ვაპირებდით მიმართვას, ეს არის გამოგონილი, არანაირ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში კონკრეტული პროკურორი არ მონაწილეობს", - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი თავისუფლების 3–დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. საუბარია 400-ლარიან ჯებირებზე.