
ოპოზიციაში კამათი მოჰყვა პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე თანხმობას
27/12/2024 11:22:19 პოლიტიკა
ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას ხუთი ოპოზიციური გაერთიანება მიიღებს, - „ახლის“ გარდა, არც ერთს არ უთქვამს უარი საბიუჯეტო დაფინანსებაზე.
ცესკომ 26 დეკემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, - 26 ნოემბრიდან, - სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა ჯამში შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ესენია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“,„ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
ცესკოს ცნობით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, დანარჩენი ექვსი პარტია დაფინანსებას მიიღებს - დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს, 18:00 საათზე ამოეწურათ. „ქართულმა ოცნებამ“, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება „არჩევნების შედეგების აღიარებად“ გამოაცხადა.
პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა გააკრიტიკეს სხვა ოპოზიციური პარტიები დაფინანსების მიღების გამო.
„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ „ქოცების“ შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“, - დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუკზე".
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას არ აქვს კავშირი პარლამენტის ლეგიტიმაციასთან:
„პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი „ქოცური“ ნარატივის გამეორება ზოგიერთი ოპოზიციონერის მიერ, სხვა არაფერია თუ არა „ოცნების“ „მესიჯბოქსში“ და სცენარში მონაწილეობა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ხაზარაძემ.
„ჩვენგან არჩეული დეპუტატების ხელფასები ჩახსნილია;რაც შეეხება პარტიის დაფინანსებას, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მისი გაჩერება მოხდება მომენტალურად, როგორც კი მანდატების გაუქმებაზე ჩვენი განცხადებები დაკმაყოფილდება. მანამდე კი, ამ თანხას მოვახმართ საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას, რასაც ისედაც ვაკეთებთ“.„პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე და დასძენს, „როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! ამის შესახებ უკვე აქ ვწერ, კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. არ მინდოდა ეს პოლემიკა, მაგრამ როცა „ოცნების“ „მესიჯბოქსით“ საუბრობ, დაე ღიად გაირკვეს, ვინ ვინაა და ვის თამაშს თამაშობს. ან, ვის აწყობს ახლა „ოცნების“ მიმართ ამერიკული შტურმის გადაფარვა და 29 დეკემბრის წინ ამომრჩევლის დაბნევა?!".
პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან - თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
მისი თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის „მოწყალება“ და ბიუჯეტიდან ეს ფული ამომრჩეველს ეკუთვნის.
„რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც „ანა-ბანა“:
პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან; თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს „მიაწვეს“, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს;
საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს;
ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება - მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას პასუხისმგებლობა - ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია;
ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროებდა ჩვენს პარტიას.
არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას - ესაა ჩვენი ძალა - ღიაობა და გამჭვირვალობა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად - სუფთა ხელებით.
თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?!
და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!“ - წერს სიჭინავა.