Accentnews.ge
"ვიცი, რაზე არიან წამსვლელები" - რას ყვება გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

"ვიცი, რაზე არიან წამსვლელები" - რას ყვება გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი

27/12/2024 14:10:32 პოლიტიკა, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (იგივე „ხარება“) შესაძლოა, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს დავალებებს. ამის შესახებ "ტვ პირველთან" საუბრობს. ინტერვიუ ეთერში 28 დეკემბერს გავა. ირკვევა, რომ მან ინტერვიუ არხს ქვეყნის დატოვებამდე მისცა.

„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე აქ დავრჩე, შეიძლება, მეორე დღეს ჩემს სახლში კილოგრამნახევარი კოკაინი ამოიღონ",- ამბობს შაიშმელაშვილი.

ამბობს იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც გადადგომის შესახებ დაწერა პატაკი, არასრულწლოვანი შვილებით დაემუქრნენ:

"მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და ცხოვრებაში პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი. განსაკუთრებით შვილებს [მემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ], ფიზიკური ანგარიშსწორების, ლიკვიდაციის… ვიცი ესენი რაზე არიან წამსვლელები და რა შეიძლება იკადრონ“.

როგორც შაიშმელაშვილი ამბობს, სპეცრაზმელების "მარბიელი რაზმის" წევრები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან. მისივე თქმით, ის პირები, ვინც საპოლიციო ძალებიდან განსაკუთრებული სისასტიკეს იჩენენ, არც ქალაქის პოლიციის და არც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არ არიან.

მისივე თქმით, ეს ადამიანები მხოლოდ „ხარებას“ ემორჩილებიან:

„დღეს ეგ მოცემულობა დგას [ძალოვნების ჯგუფი ჰყავს „ხარებას“, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება და ვერ აკონტროლებს]“.

მისივე თქმით, აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების განსაკუთრებული სისასტიკით ცემა არა გადაცდომა, არამედ დანაშაულია.

„ეს ცემა არის მიზანმიმართული. ეს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გადაცდომა არ არის, ეს დანაშაულები არის. ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან.

ამასთან ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სისტემას აქციის "გასაშავებლად" ადამიანები ჰყავს დაქირავებული, რომლებსაც პროვოკაციებისთვის იყენებს:

„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები - 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ“.

საუბრობს სამსახურის დატოვების მიზეზებზეც:

"ის რომ ჩვენი შვილების ტოლა ბავშვებს ქუჩაში უმოწყალოდ ცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ფიზიკურად, ვერც ემოციურად, ვერც მორალურად ამას ვეღარ გავუძელი... ჯოჯოხეთი გამოვიარე, ახლა ეგ სნაიპერი მე დამიმიზნებს, მოძრავი სამიზნე გახდი შენო",- ამბობს შაიშმელაშვილი.

შაიშმელაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის დატოვებამდე, სამსახურის დატოვების შემდეგ საპროტესტო აქციებზეც იმყოფებოდა.

ირაკლი შაიშმელაშვილმა შსს იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს მან ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S