
თერაპევტი ამბობს, რომ რუსთავის მერიის სარეაბილიტაციო ცენტრიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
27/12/2024 14:22:52 საზოგადოება
სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ „კესანეს” ქცევითი თერაპევტი სალომე მჭედლიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი „კესანე“ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ადრეულ ასაკში მათი უნარების, შესაძლებლობების განსაზღვრასა და გარკვეული მიმართულების მიცემას.
„დღეს ვიგებ, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიშვებენ ორივე პროგრამიდან, მიზეზი რომ ვიკითხე, ხელშეკრულება დაგიმთავრდაო და აღარ გიგრძელებთო.
სამართებლივად სწორი დრო შეარჩიეს, რომ არ ეთქვათ პოლიტიკური ნიშნით გიშვებთო!
ამიტომ ვიძახდი, ყოველთვის და ვიტყვი, რომ ეს არის რეპრესიები და გონს უნდა მოეგოთ ყველანი. რამდენს ბედავენ ეს არაადამიანები.
სამარცხვინო უფროსობა, ფულზე გაყიდულები ხართ! არ შეგარჩენთ ამ სიმწარეს”. – დაწერა მან.
უკვე საბიუჯეტო ორგანიზაციებთან დაკავშირებულმა არაერთმა პირმა განაცხადა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პოლიტიკური პოზიციის ღიად დაფიქსირების შემდეგ.