აშშ-მა ივანიშვილი დაასანქცირა

27-12-2024 20:07:16 პოლიტიკა ,სამართალი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" საპატრიო თავმჯდომარეს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

რაზე ვრცელდება სანქციები

ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სიაში" (SDN List) , ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.

სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია #116“.

ეს ლიცენზია ავტორიზებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში (50% ან მეტი წილით) არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს.

ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, გენერალური ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ არის შეყვანილი SDN სიაში.

სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ლიცენზია არ ახდენს გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზებას, - მათ შორის ივანიშილის სინგაპურის სააპელაციო სასამართლო დავასთან დაკავშირებულ და ამ საქმესთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებში გათვალისწინებული ნებისმიერი ტრანზაქციების ავტორიზებას, - „თუკი ცალკე არ მოხდა ავტორიზება“.

აკრძალვა ეხება „ნებისმიერი განაჩენის, ბრძანების აღსრულებას, მოგებას, მორიგების ხელშეკრულებას, რომელიც ასეთი სამართალწარმოებიდან მომდინარეობს, ან რაიმე ტიპის გადახდას, ტრანსფერს, ქონების გადატანას, ან სხვა ტრანზაქციებს“.

ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ტრანზაქციები შესაძლებელია მხოლოდ OFAC-ის დამატებითი თანხმობის საფუძველზე.

რა არის 14024-ე განკარგულება

სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 14024-ე განკარგულების საფუძველზე, რომელიც მან 2021 წლის 15 აპრილს რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“ გამოსცა.

მასში ხვდებიან ის პირები, რომლებიც „ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“. ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.

რა ქონებას ფლობს ივანიშვილი

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.55 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 387-ე ადგილზეა.

ივანიშვილის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 955 მილიონი დოლარით, ანუ 14.5%-ით არის მომატებული.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. ყველაზე დაბალ ნიშნულს – 4.95 მლრდ დოლარს 2020 წელს მიაღწია, უმაღლესი შეფასება კი ამჟამად ფიქსირდება.

Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელსაც ივანიშვილი ფლობს 1 დოლარამდე ღირებულებისაა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თავად ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

  • "რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, მე ვფიქრობ, ამანაც, რაც გააკეთეს, უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმას იქით კიდევ ველოდებით თუ არა? მე პირადად აღარ ველოდები. რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ, გააკეთეს, ამოწურეს".

მისი ინდივიდუალური სანქცირების შესახებ აშშ-ის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ივანიშვილი პოზიცია ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები