
დენიელ ფრიდი: აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა როგორც რუსეთის აგენტი
27/12/2024 18:40:16 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა როგორც რუსეთის აგენტი, - წერს სოციალურ ქსელში „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი.
„აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილი №14024 აღმასრულებელი ბრძანების ფარგლებში დაასანქცირა, რომელიც რუსეთის აგენტების წინააღმდეგაა მიმართული“, - განმარტავს ფრიდი.
27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.
მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".