აშშ-ის მიერ ივანიშვილის სანქცირების შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირს ანალოგიური ზომებისკენ მოუწოდებენ

28-12-2024 00:27:44 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ეხმაურება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და აცხადებს, რომ ახლა უკვე ევროკავშირმაც უნდა მიბაძოს აშშ-ს.

მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს თბილისში ჩასვლისკენ მოუწოდა.

"როგორც იქნა, აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ევროპამ უნდა მიბაძოს მათ. წევრი სახელმწიფოების ძვირფასო ლიდერებო, ძირფასო, კაია კალას, მარტა კოს, დროა ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ. საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია ევროპული უსაფრთხოებისთვის", - წერს იგი პლატფორმა X-ზე.

ევროპარლამენტარი თიის როიტენი ევროკავშირის საბჭოს აჩქარებისკენ მოუწოდებს.

"შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს. ევროკავშირის საბჭოს დრო ეწურება. ვერ დავაღალატებთ ქართველ ხალხს ევროპული მომავლისა და ხელახალი სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვაში. ივანიშვილისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია, დაგვიგვიანდა", - წერს როიტენი სოცქსელ X-ში.

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი ასევე თვლის, რომ ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს:

„შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც მოუწოდა კიდეც ევროპარლამენტმა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში”.

როდის მიჰყვება ევროკავშირი? - ინტერესდება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და ხაზს უსვამს, რომ "ჩვენ ვერ დავუშვებთ, ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნას".

"შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ სანქციები დაუწესა. (მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი.)

ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა საქართველოში, ეს არის დაგვიანებული და ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი.

როდის მიჰყვება ევროკავშირი? ჩვენ ვერ დავუშვებთ ქვეყნის რუსეთის ხელში ჩავარდნას," - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

როგორც იქნა!, - ასე ეხმიანება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას.

მისი თქმით, საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან.

„როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვეა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ნაციონალურ სასანქციო სიებში.

საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა გვერდში უდგას ქართველ ხალხს!” - წერს X-ზე ბუდრისი.

"დროა, ივანიშვილმა პასუხი აგოს საქართველოში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის", - ასე ეხმიანება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

„ესტონეთმა ის და 27 სხვა პიროვნება დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტების ჩახშობით ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო. გვიხარია, რომ სხვებიც მოგვყვებიან,” - წერს ცაჰკნა.

27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაყვანით, ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის არჩევანი“, - განმარტავს სახაზინო დეპარტამენტი.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაშია, ან მათ კონტროლს ექვემდებარება, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციები დაეკისრა ბიძინა ივანიშვილს - საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს - "საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ძირის გამოთხრისთვის".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები