
"ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენელი: "თუ უკვე ვიცით, რომ ივანიშვილი და ფარცხალაძე რუსულ სადაზვერვო აქტივებად გამოააშკარავდნენ, დიდი ალბათობით, ისინი არ მოქმედებენ მარტო"
28/12/2024 11:57:42 პოლიტიკა
"ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომელი ეთო ბუზიაშვილი აშშ-ის მიერ საქართველოს არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ საქართველოში გამოსააშკარავებელია რუსეთის სპეცსამსახურების მთელი აგენტურული ქსელი.
"აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის. 14024-ე განკარგულება, რომლის საფუძველზეც ივანიშვილი დასანქცირდა, თავის დროზე რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“ გამოიცა. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილმა არქიტექტორმა დენიელ ფრიდმა განმარტა, რომ “აშშ-მა ივანიშვილი დაასანქცირა 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, რომელიც მიმართულია რუსეთის აგენტების წინააღმდეგ.”იგივე განკარგულების საფუძველზე, 2023 წელს, აშშ-მა დაასანქცირა ყოფილი გენერალური პროკურორი და ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი ოთარ ფარცხალაძე. ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის გავრცელების გამო. კერძოდ, როგორც აღმოჩნდა, ფარცხალაძე ეფესბესთან ერთად მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.ქვეყნის „მმართველი“ უცხო ქვეყნის სადაზვერვო აქტივად რომ გამოააშკარავდება, პირველი კითხვა რაც ჩნდება, არის მუშაობდა თუ არა ის მარტო. ძალიან მცირეა ხოლმე იმის ალბათობა, რომ "უმაღლესი პირი" იზოლირებულად, მარტო მუშაობდეს. თან, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფარცხალაძეც რუსეთის აგენტი არის.ეფექტური ჯაშუშობა, როგორც წესი, მოითხოვს თანამშრომლობის ქსელის არსებობას, რათა ინფორმაციის შეგროვება, კომუნიკაცია და ფარული აქტივობების განხორციელება მოხდეს.ასეთ შემთხვევაში, ჯაშუშობის კომპლექსური ბუნება მოითხოვს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე კოორდინირებულ ძალისხმევას. ცალკეულ ინდივიდს, თუნდაც ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს, ნებისმიერ სასურველ ინფორმაციაზე წვდომა, თანამზრახველების დახმარების გარეშე, გაუჭირდება.სხვა ოფიციალური პირებისგან მხარდაჭერის მიღება, წესით, საჭირო უნდა იყოს შემდეგი მიმართულებებით:
• მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა: სხვადასხვა თანამდებობის პირებს სხვადასხვა მონაცემებზე აქვთ წვდომა. ქსელი საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოს სადაზვერვო ინფორმაციის ყოვლისმომცველი შეგროვება;
• ფარული კომუნიკაციების ხელშეწყობა: კომუნიკაციებში ფარულობის დაცვა ხშირად მოითხოვს ფარულ მეთოდებში დახელოვნებულ ადამიანთა ჩართულობას;
• კომპლექსური ოპერაციების განხორციელება: უცხოური დირექტივების შესრულება შეიძლება მმართველობის მრავალ ასპექტს მოიცავდეს, რაც ზოგადად, ადამიანების თანამშრომლობას, შესაბამისად, ქსელის არსებობას, მოითხოვს.
თუ უკვე ვიცით, რომ ივანიშვილი და ფარცხალაძე რუსულ სადაზვერვო აქტივებად გამოააშკარავდნენ, დიდი ალბათობით, ისინი არ მოქმედებენ მარტო. თუ ისინი არ მოქმედებენ მარტო, საუბარია რუსულ სადაზვერვო ქსელზე, რომელიც მართავს საქართველოს. ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა სანქციებით გვაჩვენეს, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით, თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე. ეს უდიდესი მხარდაჭერაა.დანარჩენი იყო და არის ჩვენი გასაკეთებელი. პროტესტი და წინააღმდეგობა ბოლომდე" - წერს ბუზიაშვილი სოცქსელში.