
საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მხარს უჭერენ
28/12/2024 14:03:37 პოლიტიკა
საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები დაინიუს ზალიმასი (ლიეტუვა) და მიხაილ ვავრიკიევი (პოლონეთი) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მხარს უჭერენ. ამის შესახებ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ევროპარლამენტარების თქმით, მათი ვიზიტის მიზანია ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მხარდაჭერა გამოუცხადონ ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
დაინიუს ზალიმასის თქმით, ორივე ევროპარლამენტარი იზიარებს პოზიციას, რომ "საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია":
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს".
მისივე თქმით, "განსახილველია ბევრი საკითხი, მათ შორის, როგორ უნდა გაგრძელდეს სამომავლო თანამშრომლობა და როგორ უნდა შეუწყონ ხელი გარდაუვალი ახალი არჩევნების“ დანიშვნას".
„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, რეალური საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და უნდა შეესაბამებოდეს საარჩევნო პრინციპების ყველა ევროპულ სტანდარტს“, - თქვა ევროპარლამენტარმა.
პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაილ ვავრიკიევი ამბობს, რომ "საქართველოში რუსეთის გავლენით არჩევნები მოიპარეს და გააყალბეს, ამიტომ მათ მომავალში თავისუფალი და მიუკერძოებელი არჩევნების ორგანიზებაში ოპოზიციას მხარი უნდა დაუჭირონ“.
„ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს საქართველოში“, - განაცხადა მან.
ლიეტუველი და პოლონელი ევროპარლამენტარები აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასაც გამოეხმაურნენ. ისინი ფიქრობენ, რომ სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დააწესონ.
„გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნებაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს გარდაუვალია, განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, - თქვა ევროპარლამენტარმა დაინიუს ზალიმასმა.
მიხაილ ვავრიკიევის აზრით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მკაფიო სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს.
„ეს ადამიანი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია, რომელიც ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოში არჩევნებზე და ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის დამყარებას დღემდე ცდილობს“, - თქვა ვავრიკიევმა.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისინი დღეს დაგეგმილ ცოცხალ ჯაჭვსაც შეუერთდებიან.