
თორნტონი: "ოცნება" ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს, ეს ასე უბრალოდ არ მოხდება"
28/12/2024 14:38:18 პოლიტიკა
"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი მიიჩნევს, რომ აშშ–ის ერჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მოლოდინები ძალიან უადგილოა.
მისი თქმით, "ბოლო დროს რესპუბლიკელები კონგრესში საქართველოს შესახებ უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებენ, ვიდრე - დემოკრატები".
"ყველამ ვიცით საქართველოში რუსეთის გავლენის შესახებ, ამაზე ბევრი გვისაუბრია. ასევე ცხადია ჩინეთის ჩართულობის და შავ ზღვაში ანაკლიის პორტის შესახებაც, შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, რამდენიმე კვირის წინ, გამაოცა იმან, რომ მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობაც კი გვეუბნებოდა, თუ როგორი გავლენა აქვს ირანს არა მხოლოდ სკოლების, ბიზნესების თუ სხვა დაწესებულებების მხარდაჭერაში, რაც აქამდეც ხდებოდა, არამედ - აქტიურად და უშუალოდ იმ გზავნილების გავრცელებაში, რაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" კამპანიის მესიჯებს შეესაბამებოდა. ანტიდასავლური გზავნილები, არალიბერალური ღირებულებები, ლგბტქ თემის საწინააღმდეგო გზავნილები, ომისა და მშვიდობის ნარატივები და სხვა. ეს არაა მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი, აქაა ირანიც, ავტოკრატების ეს ნაწილი. და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ხალხს აქ, ამერიკაში ეს უკვე კარგად ესმის.
ვფიქრობ, კონგრესმენი უილსონი ძალიან საზრიანად უსვამს ამას ხაზს, რომ ეს არაა მხოლოდ რუსული გავლენა, რომ საუბარია ჩინეთზე, ირანზე, და რომ კობახიძის დგომა ირანში დაკრძალვაზე, სადაც ადამიანები გაჰყვირიან: "სიკვდილი ისრაელს", მას არ შესძენს მეგობრებს არც დემოკრატიულ და არც - რესპუბლიკურ პარტიაში.
ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება. ბოლო დროს რესპუბლიკელების მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თუ დააკვირდებით, ისინი საქართველოს შესახებ უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებენ, ვიდრე - დემოკრატები. და ერთი საკითხი იმ ცოტა საკითხთაგან, რაზეც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, არის ის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის. საქართველოს მთავრობის მოლოდინები ძალიან უადგილოა", – განაცხადა მან " ამერიკის ხმასთან" საუბრისას.