Accentnews.ge
შაიშლელაშვილი: „ხელისუფლება იტყუება,  არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ დაიკითხება, ვერ დააიდენტიფიცირებენ, არ არის მათი სანომრე ნიშნები"

შაიშლელაშვილი: „ხელისუფლება იტყუება,  არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ დაიკითხება, ვერ დააიდენტიფიცირებენ, არ არის მათი სანომრე ნიშნები"

28/12/2024 18:32:40 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ „აქციაზე მყოფი ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან“. ამის შესახებ მან "ტვ პირველთან" ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფებია წარმოდგენილი: რობოკოპები და დაკავების ჯგუფები.

„რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებით . მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან", - ამბობს შაიშმელაშვილი.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი ნაამბობი უნდა გავიგოთ თუ არა ისე, რომ დანაშაულს დემონსტრანტების წინააღმდეგ არა გდდ-ს თანამშრომლები, არამედ სხვა პირების სჩადიოდნენ, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხობს:

„მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი. ეს არ ემსახურება წესრიგის აღდგენას“.

მისი თქმით, შსს არაფერს გამოიძიებს, რადგან სისტემის შიგნით არსებობს წესი, რომ არავინ დაისჯება. როგორც მან აღნიშნა, ეს მიდგომა ემსახურება იმ უკანონო დავალებების შესრულებას, რომელსაც შავებში ჩაცმული სამართალდამცველები აქციის დარბევისას სჩადიან და მათ ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ.

შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ შავებში ჩაცმულ პოლიციელებს ნომრები არ აქვთ. მისი თქმით, მაიდენტიფიცირებელი ნიშნები 2021 წლიდან გაქრა, მას შემდეგ რაც გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი იგივე "ხარება" გახდა.

„ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ იკითხება, არც დაიკითხება, პირველი ვერ დააიდენტიფიცირებენ, სისტემაშიც შეიძლება, არ იცოდნენ ვინ არიან, სისტემაში არ ხდება იდენტიფიცირება, არ არის მათი სანომრე ნიშნები. [...] რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს? რომ ვერ მოხდეს ინდეტიფიცირება და თუ იქნება ცალკეული ბრძანებები მოქმედების არეალი გაეზარდოს. შიდა სამზარეულოში ასე აქვთ, რომ არავინ დაისჯება. ამით პოლიციელებს ეუბნებიან შენ თუ ამას გამიკეთებ, მე ამით დაგიცავ", – განაცხადა მან.

გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში პოლიციელების მიერ კანონის დარღვევას, დემონსრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას არავინ გამოიძიებს. მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შსს-ს შორის ფორმალური კომუნიკაციაა, ისინი წერილს აგზავნიან, შსს-ს კი პასუხობს, რომ საიდუმლო ინფორმაციაა.

ცნობისთვის: შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვა.

ირაკლი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ იქამდე ჩაწერა, სანამ იგი ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვებდა და აშშ-ში გაემგზავრებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S