
შაიშმელაშვილის თქმით, პოლიციელების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები გდდ-ში ხარაზიშვილი შემდეგ "გაქრა"
28/12/2024 18:56:34 პოლიტიკა, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ „აქციაზე მყოფი ჯინსებში ჩაცმული ადამიანები გდდ-ს თანამშრომლები არ არიან“.
ირაკლი შაიშმელაშვილის განმატებით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში აქციების დროს ორი კატეგორიის დანაყოფებია წარმოდგენილი: რობოკოპები და დაკავების ჯგუფები:
„რობოკოპები მოქმედებენ კოლოფის შემადგენლობაში, რომელიც რუსთაველს წმინდავს წყლის ჭავლისმანქანის გამოყენებით . მეორე არიან დაკავების ჯგუფები, თუმცა კადრებში მეც ვნახე, ასევე არიან ჯინსებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც გდდ-ს თანამშრომლები ნამდვილად არ არიან".
შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მათი მოქმედება წესრიგის აღდგენას არ ემსახურება:
„მე არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან. ესეთი დეპარტამენტი არ ყოფილა, ამ დეპარტამენტს მსგავსი რამე არ გაუკეთებიათ, რაც სწავლებები ჩატარებულა, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, არ ვიცი, სახეზეც არ ვიცი. ეს არ ემსახურება წესრიგის აღდგენას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ რა მიზნით, თუ არა მიზანმიმართულად, განხორციელებულიყო ამ აქციის მონაწილეებზე ანგარიშსწორება“.
ის დარწმუნებულია, რომ შსს არაფერს გამოიძიებს, რადგან სისტემის შიგნით არსებობს წესი, რომ არავინ დაისჯება, რაც, მისი ხედვით ემსახურება იმ უკანონო დავალებების შესრულებას, რომელსაც შავებში ჩაცმული პოლიციელები აქციის დარბევისას სჩადიან. გარდა ამისა, პრობლემაა იდენტიფიცირება - შავებში ჩაცმულ პოლიციელებს ნომრები არ აქვთ.
აქვე შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები 2021 წლიდან გაქრა - მას შემდეგ, რაც გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (იგივე ხარება) გახდა.
„ხელისუფლება იტყუება, არანაირი გამოძიება არ ტარდება, არავინ იკითხება, არც დაიკითხება - პირველი, ვერ დააიდენტიფიცირებენ, სისტემაშიც შეიძლება არ იცოდნენ ვინ არიან, სისტემაში არ ხდება იდენტიფიცირება, არ არის მათი სანომრე ნიშნები. ახალი წესები დააწესეს გდდ-ს ცალკეული დანაყოფების გარდა ყველა დეპარტამენტმა მოირგო ნიღაბი, რაც არ შეიძლება, საპატრულო, კრიმინალური, რატომ? რისთვის სჭირდება ნიღაბი პოლიციელს, რომელიც იცავს სახელმწიფოს? რომ ვერ მოხდეს ინდეტიფიცირება და თუ იქნება ცალკეული ბრძანებები, მოქმედების არეალი გაეზარდოს... შიდა სამზარეულოში ასე აქვთ, რომ არავინ დაისჯება... ამით პოლიციელებს ეუბნებიან შენ თუ ამას გამიკეთებ, მე ამით დაგიცავ".
გდდ-ს ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში პოლიციელების მიერ კანონის დარღვევას, დემონსრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას არავინ გამოიძიებს. მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შსს-ს შორის მხოლოდ ფორმალური კომუნიკაციაა.