
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
29/12/2024 07:20:50 პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. საქართველოს პარლამენტის სასახლეში გრძელდება მისი ინაუგურაციის ცერემონია.
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ხმოსმები“, ვინც ის აირჩია, - პარლამენტარები და საკრებულოების წარმომადგენლები, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.
ინაუგურაციაზე ელჩები არ ყოფილან მიწვეულები.
პარალელურად, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა კვლავ თავს თვლის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
ცნობისთვის: 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.