
ზურაბიშვილი: "ოცნებამ" ერთობის ყველა წერტილი ჩამოშალა, ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, ამიტომ არის "ოცნება" რუსული ტრაგედია"
29/12/2024 07:53:40 პოლიტიკა
საქართველოს მე–5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნებას" "რუსული ტრაგედია" უწოდა.
"ქართულმა ოცნებამ", რომელიც გველაპარაკებოდა მშვიდობაზე და ომი დაუწყო თავის ხალხს, არამხოლოდ ომი დაუწყო, არამედ ყველა წერტილი, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ერთობის, გაერთიანების, ყველაფერი ჩამოშალა - სპორტი, კულტურა და ეკლესია, ყველაფერი დაყო და გაყო. ეს არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აკეთებდა მტერი, აკეთებდა რუსეთი, დაყოფა ამ ერის, დაყოფა ამ საზოგადოების იმისთვის, რომ ყოფილიყო მმართველი და ბატონი. ამიტომ არის "ქართული ოცნება" რუსული ტრაგედია", – ასე მიმართა მან ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს.
მანამდე, მან განაცხადა, რომ ორბელიანების სასახლეს ტოვებს.
"მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად", – ასე მიმართა მან მოსახლეობას.