
ყაველაშვილმა საინაუგურაციო სიტყვაში მშვიდობასა და ქართულ სუფრაზე ისაუბრა
29/12/2024 08:15:32 პოლიტიკა
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო, კიდევ ერთხელ გადაუხადა მმართველ გუნდსა და დელეგატებს მადლობა და ვრცელი სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
მან თქვა, რომ „საქართველომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი ქარტეხილი გამოიარა“ და მსოფლიოს უდიდეს იმპერიებთან ათასწლეულების მანძილზე "შეუპოვრად იბრძოლა, გადარჩა და შემოგვინახა ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ჩვენი ერი დაეფუძნა“.
„ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია - მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია. სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი“, - განაცხადა მან.
„ჩვენ შევქმენით უნიკალური კულტურა, რომელიც აგერ უკვე საუკუნეებია, დროსა და სივრცეში უხილავი ძაფებით - საერთო ტრადიციებითა და ღირებულებებით გვაკავშირებს ქართველებს“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მშვიდობისთვის მუდმივმა ბრძოლამ და მტრების მოგერიებაში გატარებულმა ასწლეულებმა ქართველ ხალხს ხასიათი „გამოუწრთო და ერთობის სასიცოცხლო მნიშვნელობაში დაარწმუნა“.
მისი თქმით, ეს ერთობა „ურთიერთპატივისცემაზე, ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულზეა დაფუძნებული - სადაც ძლიერი ოჯახი ძლიერ საქართველოს ნიშნავს, ხოლო ძლიერი საქართველო ძლიერი ოჯახის ტოლფასია“.
მისი თქმით, „ქართული ოჯახი არის ადგილი, სადაც შვილები ბავშვობიდან სწავლობენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების პატივისცემას, თავისუფლების სიყვარულს, უსამართლობასთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და ეზიარებიან ჩვენი წინაპრების მიერ შემონახულ ტრადიციებს, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს“.
მიხეილ ყაველაშვილის თანახმად, საქართველოს ისტორია „მკაფიოდ“ აჩვენებს:
„სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა“.
„ჩვენს ერს სიმშვიდეში - შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა“, - თქვა მან და დასძინა.
„ქართველმა ხალხმა ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია“.
მან საინაუგურაციო სიტყვაში ისაუბრა ქართულ სუფრაზეც მშვიდობაზე ხაზგასმის კონტექსტში:
„ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი - ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ.
ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს.ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“.
„ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ“ - განაცხადა ყაველაშვილმა.
ისაუბრა მართლმადიდებლობაზეც:
"ჩვენი ერის საბოლოოდ ჩამოყალიბებასა და შეკავშირებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ქრისტიანულმა მრწამსმა. მართლმადიდებლობა და ქართველობა დროთა განმავლობაში ერთმანეთისგან განუყოფელ, ერთ მთლიან ცნებად იქცა! ყოველთვის, როდესაც სამშობლოს იცავდა, ქართველმა კაცმა იცოდა, რომ ის იცავდა საკუთარ ოჯახსა და სარწმუნოებას".
მისი თქმით, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევა, რითაც „ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ“.
„სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს",- თქვა ყაველაშვილმა და დასძინა, "ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“.
მან „რეგიონულ და მსოფლიო გამოწვევებზეც“ გაამახვილა ყურადღება:
„ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენ ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის“.
„საფრთხეებთან გამკლავება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ერთად დგომით მოხერხდა“, - განაცხადა მან და ეს მედეგობა ქართველი ადამიანის ხასიათით ახსნა:
„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება - ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს“.
„სწორედ ასეთი - მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას“.