
კობახიძის დათვლით, რუსთაველზე ყოველ დღე „1000 კაცი იკრიბება"
29/12/2024 08:35:33 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ რუსთაველზე, პროევროპულ აქციებზე ყოველდღიურად მხოლოდ 1000 ადამიანი იყრის თავს და "ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი".
„1000 კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000 ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - ამტკიცებს კობახიძე.