
ზურაბიშვილი – ყაველაშვილის მიერ კანონების ხელმოწერაზე: „ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა“
30/12/2024 05:25:02 პოლიტიკა
"ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და იძლევა საჯარო სამსახურში "წმენდის" უფლებას", – წერს საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა სოციალურ ქსელში.
მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი კანონებს, რაც პარლამენტმა, - რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, 13 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.
ეს კანონები საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა.
იმ კანონებს შორის, რომლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა, არის:
- ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექტნიკის აკრძალვას და სხვა ნორმების შეზღუდვას ითვალისწინებს;
- ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება - რაც ასევე პიროტექნიკას ეხება
- შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილება - სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ
- პოლიციის კანონი, რაც შსს-ში მუშაობის დაწყებას ამარტივებს გარკვეული კატეგორიის თანამშრომელთათვის
- ცვლილებები სახელმწიფო დაცვის კანონში, - რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება;
- ცვლილებები საარჩევნო კოდექში - რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარული ელემენტის წილი იზრდება.
- ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, პოლიტიკური ნიშნით დასაქმებულთა გათავისუფლება მარტივდება.
ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი კანონების ნაწილში მითითებულია, რომ ისინი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ნაწილისათვის კი სხვადასხვა პერიოდია განსაზღვრული.