
ირაკლი კობახიძე: "ჩვენი მიზანია, აშშ-სთან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა"
30/12/2024 08:47:51 პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის უმთავრესი საკითხია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამის შესახებ მან ელჩების ღონისძიების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავრობის სხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით - არა ცარიელ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზაობა ამისათვის და იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა მიზეზები ასე ახსნა:
„აშშ, ევროკავშირთან ერთად, სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო“.
მანამდე, ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა საქართველოს ქუჩებში. პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.