
დემონსტრანტი: ჩემს მობილურზე icloud წაშალეს, $68 000-ის ღირებულების კრიპტოაქტივი დავკარგე
30/12/2024 11:06:30 საზოგადოება
დემონსტრანტი, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალადობის მომენტში პოლიციამ მას ტელეფონი წაართვა, icloud-ის წაშლის შემდეგ კი მან $68 ათასის ღირებულების კრიპტოაქტივი დაკარგა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა იგი 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემეს და ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. როგორც იგი ამბობს, ეს სამართალდამცველების ქმედებების გამო ვერ მოახერხა და კრიპტოსაფულესა და შესაბამისად, აქტივებზე წვდომა დაკარგა.
"მოკლედ, დასრულდა. ჩემს მობილურზე icloud წაშალეს, – 56 000 $-ს კრიპტოაქტივი და - 12 000 USDT. ჯამში – 68 000$-ში დავრჩი ამ ყველაფრის გამო. გუშინ იყო ბოლო იმედი, რომ ეგ არ ჰქონდა გაკეთებული, ვინც ეგ აიფონი ჩაიბარა, მაგრამ დევაისებიდანაც გაქრა icloud–ზე. როგორც მოსალოდნელი იყო, საფულის აღდგენა არ გაკეთდა. ამიტომ ახლა ის ფული ასე ჰაერში იქნება სამუდამოდ გამოკიდებული და ვეღარასდროს ვერავის წვდომა ვეღარ ექნება“, – დაწერა ავთანდილ კუჭავამ სოციალურ ქსელში.
კუჭავას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მან 18 დეკემბერს სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. მისი პროცესი იანვრამდე გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის: 33–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 500-მდე პირი, მათ შორის ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.