
აშშ-მა უკრაინას დამატებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო
30/12/2024 14:17:11 მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.
„ვამაყობ, რომ დღეს უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს ვაცხადებ მაშინ, როცა უკრაინელი ხალხი რუსული აგრესიისგან მათი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცვას აგრძელებს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ბაიდენი ამბობს, რომ ზამთრისთვის უკრაინის პოზიციების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის გადაცემის პროცესშია.
ჯო ბაიდენის განცხადებით, ადმინისტრაციას უკრაინისთვის დახმარების გაზრდა, ბრძოლის ველზე შეიარაღების სწრაფად მიწოდება და აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღდგენა დაავალა.
„ჩემი ხელმძღვანელობით, თანამდებობაზე ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, აშშ ამ ომში უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად დაუღალავად მუშაობას გააგრძელებს“, - დასძენს ბაიდენი.