
სეულის სასამართლომ, იმპიჩმენტის შემდეგ, პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა
31/12/2024 06:26:20 მსოფლიო
სეულის საოლქო სასამართლომ იმპიჩმენტის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი, რასაც იუნ სოკ იოლი არ ეთანხმება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში იუნ სოკ იოლი დაკითხვაზე სამჯერ არ გამოცხადდა, რის გამოც გამომძიებლებმა სასამართლოს მიმართეს დაპატიმრების ორდერისთვის. ორდერის თანახმად, სამართალდამცავებმა იუნ სოკ იოლი, რომელსაც ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს, 6 იანვრამდე უნდა დააპატიმრონ. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
სამხრეთ კორეაში კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაპატიმრებულია რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა 3 დეკემბერს, საღამოს, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს. მის გადაწყვეტილებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა. საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.
იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. მას კონკრეტული არაფერი უთქვამს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია „საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ახდენს სახელმწიფოს ფუნქციების პარალიზებას, როცა ინტენსიურად ცდილობს მთავრობის წამყვანი წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. მისი უარის შემდეგ, 14 დეკემბერს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს.